ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში შემაჯამებელი შეხვედრები ცოტაოდენი ცვლილებებით ჩატარდა. იყო პრობლემები, მაგრამ ამის მიუხედავად, ახალგაზრდები მაქსიმალურად ჩაერთნენ სატრენინგო პროცესში. ისინი აღნიშნავდნენ, რომ კურსის განმავლობაში ბევრი რამ ისწავლეს, დაიხვეწა მათი სასწავლო თუ ტექნიკური უნარები, რაც გამოადგებათ სასწავლო პრაქტიკაში.
ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატების მიღება. უკვე აქტიურად დაიწყო ახალი ჯგუფების ფორმირება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგის ჯგუფმა განაგრძო საინფორმაციო შეხვედრების ციკლი მოწყვლად ჯგუფებთან. შეხვედრები ჩატარდა წყალტუბოს, ხონის, სამტრედიის, თერჯოლის, ვანის, სენაკის, ზუგდიდის, ჩოხატაურის, ხობის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში.
შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ადგილობრივ და ცენტრალურ პროგრამებზე, რომლებიც არსებობს ქვეყანაში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების და გაძლიერების და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის და აბილიტაციის კუთხით.
მონაწილეები ასევე გაეცნენ ქალთა ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგის ახალ მოკლე ანგარიშს „ძალადობაგამოვლილი ქალების მხარდაჭერის სერვისები: ხელმისაწვდომობა და ბარიერები“. ანგარიში ასახავს კვლევის მიგნებებს, რომლებიც ეხება ძალადობაგამოვლილი ქალების ხელმისაწვდომობას მხარდაჭერის სერვისებზე და მოსახლეობის დამოკიდებულებას მათ მიმართ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ძალადობა ჩვენს გვერდით. ჩვენი რეაქციები მოძალადის და მსხვერპლის მიმართ. დაცვის მექანიზმები. ძალადობის პრევენცია - ამ და სხვა საკითხებზე საუბრობენ მაყურებლებთან ერთად ფორუმ-თეატრის წარმოდგენის შემდეგ ახალგაზრდა მსახიობები და რეჟისორი მაგდა ჩიხლაძე.
დისკუსია წარმოაჩენს საზოგადოების დამოკიდებულებას. და განსაკუთრებით იმას, ჯერ კიდევ რამდენი რამეა გასაკეთებელი ძალადობასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად.
ფორუმ-თეატრმა ქუთაისში ჩაატარა წარმოდგენები და აქტუალურ პრობლემებზე დააფიქრა მაყურებელი.
იმისთვის, რომ ფორუმ-თეატრის დადგმული სცენები უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს, მათი ფილმად გადაღება გადაწყდა. ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს ფილმზე მუშაობა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ყოველთვის საინტერესოა მუშაობა ადამიანებთან, რომლებსაც სჭირდებათ მხარდაჭერა და ემპათია არსებულ სიტუაციაში. სწორედ ასეთი ადამიანები ჩამოდიან ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრში. მარტში აქ იმყოფებოდნენ ქალები და არასწრულწლოვნები. იყვნენ ბავშვები, რომლებიც იზრდებიან დედის გარეშე. მათ სჭირდებათ ინდივიდუალური მიდგომა. ცენტრის თანამშრომლები სისტემატურად მუშაობდნენ ბენეფიციარებთან.
ფსიქოლოგი ეკა ქვაჩაკიძე აღნიშნავს: „ოჯახსუდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის აგრესიულობის ჩამოყალიბებაში. აგრესიული რეაქციების დამახასიათებელ სტილს ადამიანი ინარჩუნებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. სწორედ ამგვარ პრობლემებს წავაწყდით მუშაობის პროცესში, მაგრამ ჩვენმა მონდომებამ სასიკეთოდ იმოქმედა ბავშვებზე. ეს მათ ნახატებშიც ჩანს“.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქუთაისში გაიმართა შეხვედრა თემაზე: „ბაგა-ბაღები, ოჯახი, თემი - სოციალური პარტნიორობა ბავშვის კეთილდღეობისთვის“.
მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია ქალთა ფონდი „სოხუმის“ კვლევის - „სკოლამდელი დაწესებულებების სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში ოჯახისა და თემის მონაწილეობის ძირითადი ასპექტები“ შესახებ.
დისკუსიამ გამოკვეთა ინფორმაციის გაცვლის და კოორდინაციის მნიშვნელობა იმ სტრუქტურებს შორის, რომლებიც მუშაობენ ბავშვთა უფლებების დაცვის, სხვადასხვა სოციალური სერვისის მიწოდების მიმართულებით.
„პრობლემა ბევრია, თუმცა ჩვენ, ყველას, მშობლებისა და თემის მონაწილეობის გაძლიერებით შეგვიძლია დავძლიოთ ის წინაღობები, რომლებიც ხელს უშლის ბავშვისთვის სრულფასოვანი, პოზიტიური გარემოს შექმნას, “- ასეთი იყო მონაწილეთა განწყობა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მშობლები, პედაგოგები, ბავშვის უფლებადამცველები, სპეციალური სერვისის მიმწოდებელი ცენტრები, საბავშვო ბაღის მმართველები, დარგის სპეციალისტები, ექსპერტები.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქუთაისში, ბავშვის უფლებათა ცენტრში ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით მრგვალი მაგიდა გაიმართა თემაზე „ბაგა-ბაღები, ოჯახი, თემი - სოციალური პარტნიორობა ბავშვის კეთილდღეობისთვის“.
შეხვედრას ესწრებოდნენ მშობლები, პედაგოგები, ჟურნალისტები, ბავშვის უფლებადამცველები, სოციალური სამსახურის წარმომადგენლები, საბავშვო ბაღის მმართველები და დარგის სპეციალისტები, ექსპერტები.
მონაწილეებმა გაეცნენ კვლევას „სკოლამდელი დაწესებულებების სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში ოჯახისა და თემის მონაწილეობის ძირითად ასპექტებზე“, ძირითად მიგნებებს, რომლებიც სკოლამდელი დაწესებულებების სასწავლო აღმზრდელობით პროცესში ოჯახისა და თემის მონაწილეობის მიმართულებით იკვეთება.
მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა გაცვალეს ინფორმაციები ოჯახისა და თემის მონაწილეობის კომპონენტის პოზიტიურ ზეგავლენაზე, საინტერესო პრაქტიკასა და იმ გამოწვევებზე, რომელთაც ამ სფეროში აწყდებიან. მათი შეფასებით, მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელს შეუწყობს მშობლებსა და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე სუბიექტებს შორის კოორდინაციისა და თანამშრომლობის გაზრდას, სოციალური პარტნიორობის გაუმჯობესებას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალი კვლევა სკოლის მოსწავლეებში კიბერთავდასხმებისა და ონლაინ ძალადობის გამოცდილებას, მის გენდერულ განზომილებას და გავლენას ეხება. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 192 მოსწავლემ დასავლეთ საქართველოს ათი მუნიციპალიტეტიდან, რომელთაგან 25%-ს პირადად გამოუცდია ონლაინ ძალადობა. TikTok და Facebook გოგონებისთვის ყველაზე გავრცელებული პლატფორმებია, ხოლო ბიჭები მსგავს შემთხვევებს ონლაინ თამაშებში აწყდებიან. ყველაზე გავრცელებული ძალადობის ფორმებია - შეურაცხმყოფელი ჭორები, გარეგნობასთან დაკავშირებული დამცინავი კომენტარები და სექსუალური შევიწროება, რომელიც გოგონებში განსაკუთრებით ხშირია. ონლაინ ძალადობა სერიოზულ ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენს მოსწავლეებზე, იწვევს შფოთვას, დეპრესიას და თვითშეფასების დაქვეითებას. მიუხედავად ამისა, კვლევამ ცხადყო, რომ გამოკითხულთა საერთო რაოდენობის 30% საერთოდ არ ეძებს დახმარებას, რაც შეიძლება სტიგმასა და მხარდაჭერის ნაკლებობას უკავშირდებოდეს.
კვლევა ხაზგასმით მიუთითებს, რომ ონლაინ ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება მოითხოვს სისტემურ მიდგომას, მათ შორის, განათლების გაძლიერებას, მშობლებისა და პედაგოგების ჩართულობის გაზრდას და სამართლებრივი რეგულაციების გაუმჯობესებას, რათა ონლაინ გარემო მოსწავლეებისთვის უფრო უსაფრთხო გახდეს.
ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ წალენჯიხაში საბაზისო ჭრა-კერვის კურსი გახსნა.
კურსი თებერვალში დაიწყო და ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
პედაგოგმა ნანა კალანდიამ თავის სახლში გამოყო ადგილი და უკვე მოეწყო ყველაფერი, რაც სწავლებისთვისაა საჭირო - შეტანილია საკერავი მანქანები, ნაჭრები, ძაფები...
ქალები ინტერესით სწავლობენ თარგების გამოჭრას, კერვას, მუშაობენ დიზაინზე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ათივე მუნიციპალიტეტში დასრულდა ხუთთვიანი სატრენინგო კურსი.
კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზები, შვილების და მშობლების ურთიერთობები - ამ თემებზე ისაუბრეს ტრენერებმა ახალგაზრდებთან ერთად.
ახალგაზრდები აქტიურობდნენ თემების განხილვაში, თამამად აფიქსირებდნენ თავიანთ მოსაზრებებს, შეკრებილებს უზიარებდნენ საკუთარ მაგალითებს. აღნიშნეს, რომ ცხოვრებაში აუცილებელია კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების უნარები. ასევე მნიშვნელოვანია გულწრფელი დამოკიდებულება მშობლებთან.
ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია მარტში ჩასატარებელი შემაჯამებელი შეხვედრის შესახებ და ასევე გაეცნენ საგრანტო პროექტის დეტალებს, რომელიც გამოცხადებული აქვს ფონდ „სოხუმს“ ტრენინგების მონაწილეებისთვის.
მიუხედავად რთული სიტუაციისა, ტრენინგები ჩატარდა შეფერხებების გარეშე.
მარტში ფონდი „სოხუმის“ ტრენერები ხუთთვიანი მუშაობის შედეგებს დაინახავენ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
თებერვლიდან დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში - ვანი, თერჯოლა, სამტრედია, ხონი, წყალტუბო, სენაკი, ხობი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩოხატაური - პარასპეციალისტების ჯგუფმა დაიწყო მუშაობა. ჯგუფის წევრებმა უკვე გაიარეს შესაბამისი ტრენინგი და მიღებულ ინფორმაციებს პრაქტიკაში იყენებენ.
პარასპეციალისტები ატარებენ ინდივიდუალურ შეხვედრებს თემებში, იკვლევენ ქალთა საჭიროებებს, აწვდიან ინფორმაციას ქალთა გაძლიერების ეკონომიკურ პროგრამებზე, სხვადასხვა სერვისზე.
ინფორმაციის მიწოდების პარალელურად ჯგუფის წევრები კონსულტაციებს უწევენ იდენტიფიცირებულ შემთხვევებს და ამისამართებენ საჭირო მიმართულებით.
პარასპეციალისტების მუშაობა მიზნად ისახავს ოჯახური ძალადობის შემთხვევების პრევენციას, ქალთა ინფორმირებას და გაძლიერებას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)